სტანდარტი

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცემული რეკომენდაცია მუნიციპალური ახალგაზრდობის სტანდარტის შესახებ იძლევა ინფორმაციას და ხარისხის კრიტერიუმებს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შექმნის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების შესახებ.

,,მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ეროვნული სტანდარტის დოკუმენტის“  მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვის, ბიუჯეტირების, მონიტორინგისა და ხარისხის შეფასების პროცედურების სტანდარტიზაცია და მოახდინოს ყველა მუნიციპალიტეტისთვის საერთო მიდგომის დანერგვა ახალგაზრდული პოლიტიკის წარმოებასთან და კოორდინაციასთან დაკავშირებით. 

ვინაიდან, საერთო სტანდარტის არარსებობა, იწვევს განსხვავებულ მიდგომებს მუნიციპალიტეტებს შორის, ბუნებრივია განსხვავდება დღეს არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნის, მონიტორინგისა და შეფასების პრაქტიკაც ადგილობრივ დონეზე, რაც ხელს უშლის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, დაგეგმილი საქმიანობების სინქრონიზაციას, საერთო სურათისა და შედეგების წარმოჩენას. 

სტანდარტიზაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამშრომლებს დაეხმარება  ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვის, მართვასა და შედეგიანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც უზრუნველყოფილი იქნება შედეგზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტებისა და პროგრამებისა შემუშავებით, რომლებიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდული პოლიტიკის წარმოების დონის გაუმჯობესებაზე. 

სახელმძღვანელო ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და მისი დანიშნულებაა ადგილობრივი ხელისუფლების მეთოდოლოგიური დახმარება, რომ ახალგაზრდებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, შეიმუშაოს და განახორციელოს ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტები და პროგრამები, რომლებშიც მტკიცებულებებზე დაფუძნებით იქნება ასახული ადგილობრივი ახალგაზრდული სოციალური და ეკონომიკური განვითარების საჭიროებები, გამოწვევები და განვითარების მიმართულებები. სტანდარტი ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდობის ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესშიც.

 

მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის სტანდარტი ამჟამად ფორმირების ეტაპზეა. გთხოვთ დაუკავშირდეთ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად ან უკუკავშირის გასაგზავნად.